logo
ENG



ჩარკვიანი: მმართველი გუნდიდან, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, "რაღაც" შემომთავაზეს

23 დეკ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/23/o76mfsm4f7px5ba.jpg

პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგებებს სთავაზობენ. ჩარკვიანის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენელი მასთანაც იყო მისული და გარიგების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა შესთავაზა. კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა მას მმართველი გუნდიდან პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარკვეული თანხა, ჩარკვიანი პასუხობს, რომ კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.

თუმცა, კითხვას, სთავაზობენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები თანხას ოპოზიციური პარტიების წევრებს, ის პასუხობს, რომ "კი, რა თქმა უნდა, აბა რა".

"ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებებზე დადიან. ჩემთანაც იყო საუბარი ამ სამი კვირის წინ, ცოტა უფრო აქეთ. გარიგებას სთავაზობენ... ვისთვის თანხაა და ვისთვის რაღაც სხვა. შემოდით - ამაზეა საუბარი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ღირებულებებს არასდროს ვღალატობ და არც ამჯერად მიღალატია. სხვა პარტიებმა საკუთარ თავზე ისაუბრონ. მუშაობენ, რომ როგორმე ჯერ მოგსპონ და კედელთან მიგამწყვდიონ, მერე მოვიდნენ და ლაპარაკი დაგიწყონ შესვლა-არშესვლაზე. პიროვნულად ჩემს თავზე მაქვს საუბარი. კონკრეტული რაღაც შემომთავაზეს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ეს არის ჩემი ინფორმაცია", - აცხადებს ჩარკვიანი.

ჩარკვიანი არც იმას აკონკრეტებს, თუ ვინ მივიდა მასთან მმართველი გუნდიდან შეთავაზების გასაკეთებლად. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე სრულად ერთპარტიულია.


close დახურვა